კრიმინალი

ოთხმა პირმა 600 ცხვარი გაიტაცა, დაზარალებულმა ფერმერმა ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა – შსს

კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. ორს კი, ძარცვის გარდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, კიდევ ორი პირის, 1996 წელს დაბადებული ნ.ბ.-ს და 1989 წელს დაბადებული გ.ტ.-ს-ს ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო ქმედებები.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი.

ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს მიმართა. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1 068 ცხვარს. 

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო აკ-74’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ნაგანის სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები