რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: მოლაპარაკებებისას რუსეთი ვერ უგულებელყოფს მის ახალ ტერიტორიებს

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსული მხარე ვერ უგულებელყოფს კონსტიტუციასა და მის "ახალ ტერიტორიებს". ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"არსებობს გარკვეული რეალობები, ვგულისხმობ, რუსეთის ახალ ტერიტორიებს, ასევე, არის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება და რომელსაც რუსეთის მხარე ვერასდროს დაარღვევს. ეს ძალიან სერიოზული რეალობებია". – თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

პესკოვმა ასევე გაიმეორა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინაში ომით კონკრეტული მიზნების მიღწევას, რისი განხილვაც მოლაპარაკებებისას არის შესაძლებელი.

"რუსეთის ფედერაციას ასევე კონკრეტული მიზნები აქვს, რომლის მიღწევასაც ის სპეციალური სამხედრო ოპერაციისას ცდილობს. რა თქმა უნდა, ხელსაყრელი ვითარებისა და უკრაინის რეჟიმის სათანადო დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვეტა". – ამბობს პესკოვი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, [რუსეთთან] სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ესპანეთის პრემიერთან, პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენზე ზეწოლა ჯერ კიდევ ომამდე იყო. შეჭრის პროცესის დაწყების შემდეგ კი ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი – არა სახელმწიფო, არამედ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოსაკლავად და ტერიტორიების მისატაცებლად მოვიდა. ყველამ გაიგო, რომ უკრაინისა და ყველაფერი უკრაინული განადგურების საკითხი დგას". - თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაზე ზეწოლა შეუძლებელია და ამას აზრი არ აქვს.

"სურს ეს ვინმეს? დიახ, მაგრამ ეს ხალხი ამაზე ხმამაღლა ნაკლებად საუბრობს და ეს მშვენიერია, მათ უკეთ ესმით, ვისთან ჰქონდათ წარსულში დიალოგი. უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს. რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი ევროპაზე ზეწოლისთვის ევროპაში მოვა". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინის ტერიტორიის დაპყრობაა.

"კვლავ წარმოიშვება ისტორიული საზღვრების თემა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ დაპყრობა სურთ და ამისთვის გამართლებებს ეძებენ". - დაამატა ზელენსკიმ. 

კომენტარები