კრიმინალი

საწვავის ქურდობისთვის 8 პირი დააკავეს, აქედან ორი - შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს. აქედან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის - ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს​ ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი" - აცხადებს შსს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები