კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

რუსუდან გოცირიძე: რუსული კანონი ე.წ. აგენტებზე ძირს გამოუთხრის მერყევ დემოკრატიას

კანონი ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ არის ძალიან, ძალიან ბევრი საფრთხის შემცველი. ეს აბსოლუტურად ძირს გამოუთხრის ჯერ ისედაც მერყევ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ დემოკრატიას, თუკი ასეთი კიდევ შემორჩენია ჩვენს ქვეყანას. ეს არის აბსოლუტურად რუსული პროექტი - თავისი ფორმით, შინაარსით, სულისკვეთებითა და სამომავლო პერსპექტივით. ამ კანონის მიღება კიდევ უფრო დაგვაახლოვებს კრემლს, თუ კიდევ დარჩა რაიმე დისტანცია ჩვენსა და კრემლს შორის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამის გამო, იმედგაცრუებული ვარ ყველა იმ ახსნა-განმარტების გამო, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენლები აკეთებენ ამ კანონპროექტის შესახებ და იმედგაცრუებული ვარ იმ დამუნათებების გამო, რომელსაც ისინი არ აკლებენ კრიტიკოსებს. 

კანონი არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველანაირი დემოკრატიული კონცეფციიდან, დემოკრატიის ყველანაირი გაგებიდან. ძალიან, ძალიან მძიმე სურათს დახატავს ეს ჩვენს ქვეყანაში - რუსეთზე უფრო მძიმე სურათს, იმიტომ, რომ ის დიდი ქვეყანაა და ახერხებდა თავის თავში რაღაც სივრცეების არსებობას, რომ ვიღაცას კიდევ ჰქონოდა იმის თავი, გაეკრიტიკებინა სახელმწიფო. ჩვენისთანა პატარა, ღარიბი, მერყევი დემოკრატიის ქვეყნისთვის ეს იქნება წერტილი. 

ამბობს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ტაბულასთან ინტერვიუში ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე "უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ". 

კომენტარები