სი ძინფინგი

უახლოეს მომავალში სი ძინფინგი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს – The Wall Street Journal

ვლადიმირ პუტინი და სი ძინფინგი პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალი
Reuters

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი უახლოეს მომავალში მოსკოვში ვიზიტსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ანონიმური წყარო იუწყება, რომ ჩინეთი ცდილობს წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში და პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას ემსახურება. უცნობი წყაროს განმარტებით, ჩინეთი შეხვედრას გამოიყენებს, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდოს რუსეთს, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი. 

ჯერჯერობით უცნობია, სი ძინფინგის ვიზიტის ზუსტი დრო. მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვს აპრილში ან მაისის დასაწყისში ეწვიოს, როცა რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავს. 

21 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ჩინეთის უმაღლესი დიპლომატის პირველი ვიზიტია.

ჯერ არც ჩინეთს და არც რუსეთს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, შეხვდება თუ არა მინისტრი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. თუმცა პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გუშინ, 20 თებერვალს აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენოტინი ბლინკენმა გასულ კვირას თქვა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდებას გეგმავს. 

გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო დახმარებას გაუწევს, ის "წითელ ხაზს" გადაკვეთს. ამის შესახებ ელჩმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

კომენტარები