კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

გვარამია: კანონი აგენტებზე ღალატის ეპიზოდია, მალე გადაიფარება უარესი გადაწყვეტილებებით

მოკლედ გამოვეხმაურები ბოლო დღეების ამბებს:

ღარიბაშვილი მიუნხენში ისე გადავიტანე, როგორც რაღაც მნიშვნელოვანის სიკვდილი. პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირმა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო უამბიციო გეოგრაფიული ერთეულია, რომლის ინტერესი ბნელ კუთხეში ჩუმად ჯდომაა. უკრაინას არა თუ მხარი დაუჭირა, საერთოდ არ ახსენა და ომის გადაწყვეტა "დიდი ბიჭების" მიერ დადებული ზავით, უკრაინის გარეშე და რუსეთის მონაწილეობით ისურვა. მან ფაქტიურად დაგმო უკრაინა, როგორც მშვიდობის არმდომი, საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლი, ყველასათვის ტკივილის მომტანი. ახლა ვიგებ, რომ 24 თებერვალს კიევში მიწვეული ქართული ხელისუფლება დემარშს აწყობს და უკრაინაში არ ჩადის. ამ ყველაფერს მარტივი და ცალსახა სახელი ქვია: ღალატი. საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი მომავალი თაობების, დასავლური ცივილიზაციის, ისტორიის ნათელი მხარის ღალატი!

კანონი აგენტების შესახებ ღალატის ერთ-ერთი ეპიზოდია. ის მიღებული იქნება და მალე გადაიფარება ხელისუფლების კიდევ უფრო უარესი გადაწყვეტილებებით. ეს ავტორიტარული კრეშენდო ფორტისიმოს წლის ბოლოს მიაღწევს, რომ შემთხვევით ევროპამ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭოს. სტატუსზე უარი "ქართული ოცნებისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძალიან მნიშვნელოვანია სენატორ შაჰინის და სენატორ დურბინის ვიზიტი. უმნიშვნელოვანესია ვიზიტის მთავარი თემაც - შავი ზღვა, როგორც ევროპული უსაფრთხოების ახალი ფორპოსტი. ზუსტად ამაშია საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ატრაქტულობა. თუმცა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს მთავარი მიმზიდველობა, რაც მას ერთადერთს და შეუცვლელს გახდის, არის მისი დემოკრატია და ადამიანური რესურსი - ქართველი ხალხი. ამის პირველი რიგის ინტერესად არ განხილვა არც გონივრულია და მორალურ ლეგიტიმაციასაც მოკლებულია. საქართველოს "სტაბილოკრატიად" განხილვა მას არაფრით განასხვავებს აზერბაიჯანისგან. პირიქით, ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ისეთი სტაბილური, როგორიც აზერბაიჯანია და არც ნავთობი გვექნება არასდროს. ჩვენი უპირატესობა ჩვენს ხალხში და მის მისწრაფებაშია, ლიბერალური დემოკრატიის მიმართ. ყველა, ვინც საქართველოს პირველ რიგში გეოპოლიტიკური, სტრატეგიული თუ ეკონომიკური სტაბილურობის პრიზმიდან უყურებს, უნებურად ხდება რუსი ოლიგარქის ავტორიტარული ეკვილიბრიუმის ნაწილი. ხოლო სადაც რუსეთია, იქ არც სტაბილურობაა და არც რამენაირი წარმატება. იქ არც დასავლეთის ადგილი არაა. ვისაც არ სჯერა, უკრაინას შეხედოს და მის მიმართ დასავლეთის ომამდელი დამოკიდებულებები გაიხსენოს.

თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩავიდა. თან ვულოცავ უკრაინელებს, თან არც მიკვირს - ასე იქნება ამიერიდან სულ, რადგან უკრაინელები ამას იმსახურებენ! მათ თავისი ბრძოლით მოიპოვეს ეს! და რას იმსახურებს ქართველი ხალხი? - ჩემი აზრით, ყველაფერს საუკეთესოს, არა მარტო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანიც ასე ფიქრობს. თუმცა, ჩვენ არ გამოვდგებით შემფასებლად - ჩვენ მიკერძოებულები ვართ. მთავარია, რას იტყვის მიუკერძოებელი მსაჯული - ისტორია. რას იტყვის, თუ დაინგრა გელათი, თუ ევროპას დავშორდით, თუ კაცი მოკვდა საავადმყოფოში, თუ რუსები ვაბოგინეთ ხელისუფლებაში და დისკომფორტიც ვერ შევუქმენით. იტყვის ნეტავ, რომ ქართველი ხალხი ევროპას და სხვა სიკეთეებს იმსახურებდა?

24-ში, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვიქნები აქციაზე. მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლადაც წადი შენ! იქ არის ჩვენი ადგილი, ისტორიულიც, გეოპოლიტიკურიც და მორალურიც!

წერს ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია Facebook გვერდზე.

კომენტარები