რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: ბაიდენის ვიზიტი სიმბოლურია, მაგრამ უკრაინას თანამედროვე იარაღი სჭირდება

20 თებერვალს, CNN-თან ინტერვიუში კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო, თუმცა უკრაინას თანამედროვე იარაღი სჭირდება.

"ეს არის სარისკო მოგზაურობა, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,სიმბოლური ვიზიტი. ეს აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას.

[...] უკრაინელი ჯარისკაცები უკვე ერთი წელია იბრძვიან მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი რუსეთის არმიის წინააღმდეგ." - თქვა ვიტალი კლიჩკომ.

ჯო ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ გამოაცხადა.

კიევის მერმა თქვა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მსოფლიოს თავიანთი “ნება და სულისკვეთება” აჩვენეს, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

"ძალიან მნიშვნელოვანია [გვქონდეს] თანამედროვე იარაღი. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ დამოკიდებული [ჩვენი პარტნიორების] დახმარებაზე." - თქვა კლიჩკომ.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა.

ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მოულოდნელი ვიზიტი ბაიდენის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის წინ შედგა. ეს შეხვედრა პოლონეთში უნდა გამართულიყო.

"კარგია კიევში დაბრუნება". – თქვა ბაიდენმა ჩასვლისას. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, არ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

კომენტარები