ტრაგედია ვაკის პარკში

კალაძე: მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხის შემცველი მოსახლეობისთვის, ერთი მითხარი

"რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის, ერთი პროექტი მითხარი, თუ ყოფილა ასეთი".- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ანტიკორუფციული მოძრაობის წევრს, რომელმაც მას ავლაბარში სავაჭრო ცენტრის აშენებაზე კითხვები დაუსვა. 

კალაძესა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მათი თქმით, ავლაბარში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საფრთხეს შეუქმენის მეტროს და მოსახლეობას.  კალაძის თქმით, თუ კვლევების შედეგად დადგინდება, რომ "პროექტის განხორციელება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, რომ პროექტი განხორციელდეს".

"იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხის შემცველი იყოს..."- თქვა კახი კალაძემ.

კალაძეს არაფერი უთქვამს 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, როდესაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილს შადრევანში დენმა დაარტყა და დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი 2 თანატოლი წყლიდან დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მკურნალობდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. 


ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი.

კომენტარები