აშშ-თურქეთი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების დაძლევის გზებს და რის გაკეთება შეუძლია აშშ-ს დაზარალებულების დასახმარებლად. 

განრიგის მიხედვით, ენტონი ბლინკენი ადანაში ჩავა, საიდანაც ის მიწისძვრისგან დაზარალებულ რეგიონებს ვერტმფრენით მოინახულებს.

20 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება. მიწისძვრის გარდა, დღის წესრიგში ასევე იქნება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი, რომლის შეყოვნებაც თურქეთის მხრიდან არის გამოწვეული. 


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან დაახლოებით 35 418 ადამიანი თურქეთში დაიღუპა, 5 800-ზე მეტი - სირიაში. რეგიონში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.


ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

30 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს. მინისტრის კომენტარი სტოკჰოლმში იმ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელზეც დემონსტრანტმა ყურანი დაწვა.
  

კომენტარები