რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ოკუპირებულ დონეცკში ირანელი დრონების ინსტრუქტორები ჩავიდნენ

Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი
ირანული მედია

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში ჩავიდნენ ირანელი დრონების ინსტრუქტორები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვაში მოამზადებენ. 

ირანი რუსეთს აწვდის Shahed-136-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი იერიშების მისატანად იყენებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ირანისგან სხვა ტიპების დრონებიც, მინიმუმ 18 ერთეული მიიღო. ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს შორის არის Mohajer-6Shahed-191 და Shahed-129.

Mohajer-6-ის ტიპის დრონებს, რომლებიც, მედიის ცნობით, რუსეთმა ნოემბერში მიიღო, 6 საათით ფრენა შეუძლიათ და ელექტროენერგიაზე მუშაობენ. შეუძლიათ 40 კგ.-იანი ბომბების ტარება, მაღალი სიზუსტის სამიზნე სისტემებით აღჭურვა.

Shahed-129-ებს უფრო მძიმე, 60კგ-იანი ბომბებით ფრენა შეუძლიათ, მაგრამ ჰაერში მხოლოდ 4 საათი ძლებენ, როცა Shahed-191-ის 5 საათით ფრენა და 70 კგ-იანი ბომბებით აღჭურვა შეიძლება. წყაროების ცნობით, მათთვის გამოიყენება მოდიფიცირებული ძრავები, რომლებიც თავდაპირველად გერმანიაში იყო დამზადებული.

გასული წლის ოქტომბერში ისრაელის მედია წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში უკრაინის იერიშებს 10 ირანელი ინსტრუქტორი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.

ნოემბერში უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა ინფორმაცია, ირანელი ინსტრუქტორების დახოცვის შესახებ, ფაქტობრივად, დაადასტურა.

ირანი თავდაპირველად უარყოფდა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს უგზავნიდა, თუმცა ბოლოს აღიარეს, რომ მოსკოვს დრონები გადასცეს, თუმცა, მათი მტკიცებით, ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე.

კომენტარები