რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The Guardian: კიევი ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების დახოცვას ადასტურებს

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა მათ დაუდასტურა უკრაინის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია.

დანილოვის თქმით, ირანელი ინსტრუქტორები რუსებს ირანული კამიკაძე დრონების, Shahed-136-ების მართვაში ეხმარებოდნენ. როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, დანილოვს არ უთქვამს, თუ ზუსტად რამდენი ინსტრუქტორის ლიკვიდაცია შეძლეს.

აქამდე, ოქტომბერში ისრაელის მედია წერდა, რომ ყირიმში უკრაინის იერიშებს 10 ირანელი ინსტრუქტორი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.

დანილოვმა ბრიტანულ მედიასთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ირანის ნებისმიერი სამხედრო ჩართულობა სამიზნე გახდება.

"არ უნდა იყო იქ, სადაც არ უნდა იყო. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ. არ დაგვიპატიჟებია და თუ ისინი ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, ისინი უნდა დავხოცოთ". – თქვა დანილოვმა.

რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებისთვის იყენებს. თავდაპირველად თეირანი უარყოფდა, რომ მოსკოვს ამ შეიარაღებით ეხმარებოდა, თუმცა, შემდეგ, მათ უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის გადაცემა აღიარეს, თუმცა, მათი მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე ქნეს. ირანი უარყოფდა რუსეთ-უკრაინის ომში მათი ინსტრუქტორების მონაწილეობასაც. ამას გარდა, რუსეთმა ირანისგან, შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტები მიიღოს, რასაც თეირანი ასევე უარყოფს.

დანილოვს ეჭვი შეაქვს თეირანის გულწრფელობაში.

"ირანელები აგრძელებენ მტკიცებას, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით არ ამარაგებენ, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება. გვაქვს ეს მტკიცებულებები დღეს? არა. ვიცით, რომ ამეებს [დრონებს] ვიღაცისგან მათი მართვის სწავლის გარეშე ვერ ააფრენენ და რუსებს არ აქვთ ტვინი, თავისით რომ გამოიცნონ... თანამედროვე მსოფლიოში ვერაფერს დამალავ. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გასაჯაროვდება". – თქვა დანილოვმა.

კომენტარები