რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

GUARDIAN: ირანმა სახელმწიფო ავიაკომპანიებისა და გემების საშუალებით რუსეთს დრონები მიაწოდა

ირანმა, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის დრონების მისაწოდებლად სახელმწიფო ავიაკომპანიები და გემები გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნოემბერში რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები და ინჟინრები თეირანს ეწვივნენ, ვლადიმირ პუტინის საზღვაო ფლოტს, სულ მცირე, 18 დრონი გადაეცა. 

როგორც ირკვევა, ვიზიტისას რუსეთის დელეგაციამ ირანის ტექნოლოგიების სრული სპექტრი მოინახულა. ვიზიტის შედეგად, რუსმა მაღალჩინოსნებმა 6 Mohajer-6-ის, 12 Shahed 191-ისა და Shahed-129-ის ტიპის დრონები შეარჩიეს. 

დრონები ქალაქ ისპაჰანში, იმ სამხედრო ქარხანაშია წარმოებული, რომელსაც 28 იანვარს ისრაელი თავს დაესხა. აშშ-ს მაღალჩინოსნების აზრით, ისრაელმა თავდასხმა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების მოტივებით განახორციელა და ამ გზით, იგი უკრაინის ომში ჩარევას არ ცდილობდა. 

Mohajer-6-ის ტიპის დრონებს, რომლებიც რუსეთმა ნოემბერში მიიღო, 6 საათით ფრენა შეუძლიათ და ელექტროენერგიაზე მუშაობენ. შეუძლიათ 40 კგ.-იანი ბომბების ტარება, მაღალი სიზუსტის სამიზნე სისტემებით აღჭურვა.

Shahed 129-ებს უფრო მძიმე, 60კგ-იანი ბომბებით ფრენა შეუძლიათ, მაგრამ ჰაერში მხოლოდ 4 საათი ძლებენ, როცა Shahed 191-ის 5 საათით ფრენა და 70 კგ-იანი ბომბებით აღჭურვა შეიძლება. წყაროების ცნობით, მათთვის გამოიყენება მოდიფიცირებული ძრავები, რომლებიც თავდაპირველად გერმანიაში იყო დამზადებული. წყაროებმა აღნიშნეს ისიც, რომ რუსეთი ბევრად უფრო მეტად აფასებს ირანული დრონების რადარების წინააღმდეგ მოქმედების უნარს.

რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ რუსეთი თავდასხმებში ირანული დრონების გამოყენებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ირანს სანქცია რამდენიმე ქვეყანამ დაუწესა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ. დრონების მიწოდების საკითხზე ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ევროკავშირმაც. 

ირანმა თავდაპირველად უარყო უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდება, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ომამდე "ბევრი თვით ადრე" მოსკოვს დრონების შეზღუდული რაოდენობა გაუგზავნა.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სიცრუეა და ომის მიმდინარეობისას ირანული დრონები რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელად ბევრჯერ გამოიყენა.

კომენტარები