მიწისძვრა თურქეთში

თურქეთის პოლიციამ 20 პირი დააკავა მიწისძვრაზე "პროვოკაციული" პოსტების გავრცელების გამო

სირიის ქალაქ ჯაბლაში მაშველები ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანას ცდილობენ.
AFP VIA GETTY IMAGES

თურქეთის პოლიციამ 20 პირი დააკავა სოციალურ ქსელში მიწისძვრის შესახებ "პროვოკაციული" პოსტების გავრცელების გამო.

თურქეთის პოლიციის განცხადებით, დაფიქსირდა სოციალური ქსელის 613 მომხმარებელი, რომელთა პოსტები "შიშსა და პანიკას" ავრცელებდნენ საზოგადოებაში. საქმის წარმოება 293 პირის წინააღმდეგ დაიწყო, ხოლო 15 თებერვლისთვის დაპატიმრებულია 20 ადამიანი.

თურქეთში იზრდება კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. კრიტიკოსების მიხედვით, მთავრობამ დააგვიანა სამაშველო მოქმედებების დაწყება ტრაგედიის პირველ დღეებში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაერთხელ გამოეხმაურა მიწისძვრაზე სოციალურ ქსელში ხელისუფლების ქმედებების შესახებ "დეზინფორმაციის" გავრცელებას. მან მოუწოდა მოსახლეობას, ყურადღება არ მიაქციონ გავრცელებულ ტყუილებს.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. აქედან დაახლოებით 35 418 ადამიანი თურქეთში დაიღუპა, 5 800-ზე მეტი - სირიაში. რეგიონში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

"ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშე ვდგავართ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, ორივე ქვეყანაში დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

”ასევე, იზრდება შეშფოთება ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სიცივეს, ჰიგიენასა და სანიტარიას" - ამბობს კლუგე და აღნიშნავს, რომ არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

კომენტარები