თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას ცნობით, თურქეთში ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა.
მინისტრის ინფორმაციით, 81 წლის ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
იერლიქაიამ განაცხადა, რომ სამაშველო-სამძებრო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დამატებითი სერიოზული დაზიანებების ან მსხვერპლის ნიშნები არ აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგები ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის ქალაქ სტამბოლშიც, იგრძნობოდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიხედვით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:53 საათზე მოხდა.
AFAD-ის ინფორმაციით, მიწისძვრა 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მისი სიღრმე 11 კმ-ს შეადგენდა, ხოლო გერმანიის გეოლოგიური მეცნიერებების კვლევითი ცენტრის (GFZ) მიხედვით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.19 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი - 10 კმ.





