საქართველოს საპატრიარქო

მეუფე გრიგოლი: დიდი ბრიტანეთის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება

მეუფე გრიგოლ კაცია

საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლ კაციამ ისაუბრა.

მეუფე გრიგოლმა ასევე თქვა, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი დღევანდელ კრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია. 

2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ცნობა, რომ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გაათავისუფლეს.

18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა:

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.

კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.

კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.

წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.

აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.

უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე".

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეები გრძელდებოდა. მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებდა.

მეუფე ზენონი: მეუფე დიმიტრიმ მითხრა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათხოვრად იარო ლონდონშიო

18 ნოემბრამდე მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

მეუფე ზენონის თქმით, ემორჩილება პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლითაც ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოაშორეს.

კომენტარები