ნარკოდანაშაული

ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს – მათ შორის, 23 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23  ნარკორეალიზატორია.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკი და აღნიშნული შესყიდვები ფარულად ჩაიწერეს. 

დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, ალფა პვპ, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, ექსტაზი, ლსდ, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, მეტამფეტამინი, მდმა, ამფეტამინი, ე.წ. ბიო, მარიხუანა, ტრამადოლი და სხვ.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება  260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები