რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ელჩი დასავლეთის მხრიდან თვითმფრინავების გაგზავნაზე: ეს ისაა, რაც ტანკებზე გვესმოდა

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკომ პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნა პოლონეთისთვის სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის: "დაველოდოთ და ვნახოთ". 

დუდას თქმით, უკრაინის მოკავშირეების ნებისმიერი ნაბიჯი უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნის შესახებ უნდა იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება. 

"[უკრაინაში] მცირე რაოდენობით გამანადგურებლების გაგზავნაც კი [პოლონეთისთვის] სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები არ გვაქვს". - ამბობს დუდა.

დუდას თქმით, ამჟამად პოლონეთს 50-ზე ნაკლები საბრძოლო თვითმფრინავი აქვს.

BBC-ის შეკითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული დუდას კომენტარით, პრისტაიკომ თქვა: "არა, დაველოდოთ და ვნახოთ".

"ეს ისაა, რაც ტანკებზე გვესმოდა. ეს ისაა, რაც გვითხრეს არტილერიაზე, ეს ისაა, რაც გვესმოდა ნებისმიერი ტიპის სამხედრო დახმარებაზე". - ამბობს პრისტაიკო. 


31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას. 

უკრაინამ F-16 მოერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით ასევე ნიდერლანდებს მიმართა, ხოლო ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან გასაგები თხოვნაა, თუმცა ის რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ". – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები