რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მარტივი გადაწყვეტილება არ არის

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ალიანსმა ერთობლივად უნდა მიიღოს.

"ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავის, ნებისმიერი F-16-ის პოლონეთის საზღვრებს მიღმა გაჩუქება ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის მარტივი არ არის". - თქვა დუდამ BBC-სთან ინტერვიუში. 

პოლონეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ისაუბრა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და დასავლელ მოკავშირეებს მძიმე იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტებისა და გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა. 

"[უკრაინაში] მცირე რაოდენობით გამანადგურებლების გაგზავნაც კი [პოლონეთისთვის] სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები არ გვაქვს". - ამბობს დუდა.

დუდას თქმით, ამჟამად პოლონეთს 50-ზე ნაკლები საბრძოლო თვითმფრინავი აქვს.

"თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება მოკავშირეების ჩართულობას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ ამაზე ალიანსში სრული კონსესუსი უნდა შედგეს". - დასძინა დუდამ. 


31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას. 

უკრაინამ F-16 მოერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით ასევე ნიდერლანდებს მიმართა, ხოლო ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან გასაგები თხოვნაა, თუმცა ის რთულ პროცესთან არის დაკავშირებული.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ". – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები