გელათის სამონასტრო კომპლექსი

ხაბეიშვილი გელათზე: საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გელათის მონასტერთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. ხაბეიშვილის განცხადებით, ის, ვინც გელათს ანგრევს, საბჭოთა ჯალათია. ხაბეიშვილმა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გააკრიტიკა და ასევე თქვა, რომ საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა.

ხაბეიშვილმა ბრიფინგზე წულუკიანს კიდევ ერთხელ შესთავაზა, რომ ის და მისი პარტია მზად არიან, გელათისთვის საქართველოში მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანონ და ამის ფინანსები თავადვე უზრუნველყონ.

"გელათი არის საქართველოს გაერთიანებისა და ყველაზე დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ეპოქის მთავარი სიმბოლო. გელათი არის საქართველოს ქრისტიანული კულტურის, ანუ საქართველოს ევროპელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. გელათი სვეტიცხოველთან ერთად არის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი [...] ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ასობით ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად, საქართველოში გელათს ანგრევს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. ქალბატონო თეა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ - ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და ისტორია თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს - ჯალა-თეა". - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან ხაბეიშვილმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა კულტურის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც, მისივე თქმით, გელათის შესახებ სიმართლესა და კრიტიკულ დასკვნებს წერენ.

9 თებერვალს ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ის და მისი პარტია მზად არიან, გელათისთვის მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანონ და ამის ხარჯი თავადვე უზრუნველყონ. ხაბეიშვილმა ასევე თქვა, რომ გელათიდან და ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები უნდა განდევნონ.

ხაბეიშვილის ამ განცხადებას თავად წულუკიანი გამოეხმაურა. "აია იი? აღარარსებული ნაცმოძის თავმჯდომარე ყაძახი ოთხი კლასის განათლებით? ცოდვაა ამის კრიტიკა" - თქვა წულუკიანმა.

31 იანვარს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები არასრულფასოვნად მიმდინარეობს და მისი მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორს არის. 

"გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის "გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან". – წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია იმ შეცდომებზე, რომლებმაც მონასტრის მოხატულობის დაზიანების პროცესს ხელი შეუწყო. 

"მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს". – ვკითხულობთ დასკვნაში. 

კომენტარები