რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის თავდაცვა: L-70-ის ტიპის საზენიტო იარაღების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია

L-70-ის ტიპის საზენიტო იარაღი
Arvydas Anušauskas

ლიტვის მიერ მიწოდებული L-70-ის ტიპის საზენიტო იარაღების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი Twitter-ზე ავრცელებს.

"ლიტვის მიერ გაგზავნილი L-70-ის ტიპის საზენიტო იარაღისა და საბრძოლო მასალის პარტია, რომელიც ხელს შეუწყობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, უკვე ჩავიდა უკრაინაში". – წერს ანუშაუსკასი. 

ათობით L-70-ის უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ლიტვის დახმარების უახლესი პაკეტის ფარგლებში გამოცხადდა.

უკრაინაში ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა აღნიშნა, რომ L-70-ის ტიპის 36 იარაღის გადაცემა განსაკუთრებით ეფექტური იქნება ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed-ების წინააღმდეგ ბრძოლისას.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, იარაღმა უნდა იმუშაოს რადარებთან ერთად, რომელთა შესყიდვისთვის თანხები ლიტვის საზოგადოებრივი ინიციატივის RADAROM-ის ფარგლებში გროვდება. 

ორ კვირაში ლიტველებმა და საქველმოქმედო დონორებმა სხვა ქვეყნებიდან კამპანიის ანგარიშებზე თითქმის 7 მილიონი ევრო შეიტანეს.

ლიტვის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 125 მილიონი ევროა. L-70-ის გარდა, მასში ასევე იქნება საბრძოლო მასალა და Mi-8-ის ტიპის 2 ვერტმფრენი.

კომენტარები