რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთი არ ადასტურებს, რომ მათი საჰაერო სივრცე რუსულმა კალიბრის ტიპის რაკეტამ დაარღვია

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში არ ადასტურებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა, კალიბრის ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია. 

თუმცა, განცხადებაში დადასტურებულია, რომ რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.

განცხადების მიხედვით, რუმინეთის საჰაერო ძალების საჰაერო დაზვერვის სისტემებმა დააფიქსირეს სამიზნე, რომელიც რუსეთის ფედერაციის შავ ზღვაში მყოფი ხომალდიდან გაუშვეს. განცხადებისვე ცნობით, რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრციდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში გადავიდა და უკან დაბრუნდა, ისე, რომ რუმინეთის ტერიტორია არ დაურღვევია.

"სამიზნე, დიდი ალბათობით, იყო ფრთოსანი რაკეტა, რომელიც უკრაინის საჰაერო სივრციდან მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შევიდა და უკან, უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა, ისე, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია". – წერია განცხადებაში.

აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა კალიბრის ტიპის ფრთოსანმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

რუმინეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა.

კომენტარები