უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა და ის კიევში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა Népszava აქვეყნებს.
მედიის ცნობით, სამიტზე ლიდერები ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად ოთხ ჯგუფად დაიყვნენ. ორბანი უკრაინის პრეზიდენტს ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, ავსტრიისა და სლოვენიის ლიდერების თანხლებით შეხვდა. შეხვედრის დამადასტურებელი ფოტო უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა, წარწერით: "შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან".
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა ორბანი ზელენსკის შემოთავაზებას.
უნგრული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარ თემას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წარმოადგენდა, რაზეც ზელენსკიმ ავსტრიის კანცლერისგან და უნგრეთის პრემიერმინისტრისგან კატეგორიული უარი მიიღო.
უნგრეთმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები და აღნიშნა, რომ სანქციებმა ვერ შეძლო მოსკოვის დასუსტება, თუმცა გაზარდა ევროპის ეკონომიკის განადგურების რისკი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს ცნობით, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ უკრაინა “არავის მიწაა” და ის ავღანეთს შეადარა.





