უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 9 თებერვალს ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად სამიტზე ჩავიდა. ევროპარლამენტში საკუთარი გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნების ლიდერებს პირისპირ შეხვდა. ამის დამადასტურებელი ფოტო უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც Facebook-ზე გამოაქვეყნა, წარწერით: "შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან".
"უნგრეთი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, რათა თავიდან ავირიდოთ მეტი ადამიანის ხოცვა. უნგრეთი მშვიდობის მსურველთა ბანაკს ეკუთვნის". - წერდა იგი ზელენსკისთან შეხვედრის შეფასებისას.
თუმცა, მანამდე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ევროკავშირის ყველა ლიდერი, გარდა ორბანისა, ვოლოდიმირ ზელენსკის ტაშით ხვდება.
უნგრეთმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები და აღნიშნა, რომ სანქციებმა ვერ შეძლო მოსკოვის დასუსტება, თუმცა გაზარდა ევროპის ეკონომიკის განადგურების რისკი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს ცნობით, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ უკრაინა “არავის მიწაა” და ის ავღანეთს შეადარა.





