მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩინეთის დაზვერვიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე – სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინური საჰაერო ბუშტი NATO-ს წევრი და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის უსაფრთხოების კუთხით გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  

"ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩინეთის დაზვერვიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე და თავდაცვაზე გაძლიერებულად ვიმუშაოთ. გონივრულად და პასუხისმგებლობით მოქმედება გვმართებს. მას [ჩინეთს] სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე კონტროლის დამყარება სურს და ტაივანს ემუქრება. ცდილობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას დაეუფლოს, მათ შორის NATO-ს ქვეყნებშიც. ის საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს, ადამიანის უფლებებს არღვევს და მოსკოვთან სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს. ასე რომ, NATO-ს მოკავშირეებს ნამდვილად აქვთ შეშფოთების მიზეზი". - თქვა პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა. 

თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები