ირანი

ირანის უზენაესმა ლიდერმა ათიათასობით პატიმარი შეიწყალა

West Asia News Agency

ირანული მედიის, IRNA-ის ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ათიათასობით პატიმარი შეიწყალა. მედიის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არიან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებიც, თუმცა ისინი გარკვეულ წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. 

მედიის უწყებით, შეწყალება არ ვრცელდება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პატიმრებზე, რომლებიც ირანის ციხეებში დიდი რაოდენობით არიან. 

გარდა ამისა, IRNA-ის ინფორმაციით შეწყალება არ შეეხება სამყაროს გარყვნის მუხლით დაპატიმრებულ მოქალაქეებს. ამ ბრალდებით ირანში უკვე ოთხი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით და დემონსტრანტების უმეტესობა სწორედ ამ მუხლით იხდის სასჯელს. 

სახელმწიფო მედიის ცნობით, უზენაესი ლიდერი არ შეიწყალებს ჯაშუშობის და ისლამური რესპუბლიკისადმი მტრულ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებით დაპატიმრებულ მოქალაქეებს. 


ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.

ბოლო ოთხი ათწლეულის მსგავსად, ხელისუფლებამ 2022 წლის სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია - ათობით ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და რამდენიმე ადამიანი ჩამოახრჩო, რაც უფლებადამცველების თქმით, ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად, რათა საპროტესტო აქციების ტალღა შემცირდეს.

კომენტარები