საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: თუ გადაწყვეტილება ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკომისიის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ ევროკავშირი გადაწყვეტილებას ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებით მიიღებს, მაშინ, წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიენიჭოს.

"დღეს ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, ევროკომისიას მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით - ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია. გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა NGO-ებმა და მედიებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი NGO-ები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ევროკომისიამ საქართველოზე ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და შეფასებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას  ვალდებულებების შესრულება. ანგარიშვის მიხედვით, "საჭიროა დამატებითი ძალისხმევა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის". 

კომენტარები