ენმ

მელია: არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ვიყო, ვშიშობ, არარეალისტური დაპირების ტყვე არ გახდნენ

სულ რაღაც 48 საათი გავიდა არჩევნების დასრულების შემდეგ. ჩვენ როდესაც რეალობაზე ვსაუბრობდით, რისკებზე ვსაუბრობდით, რის წინაშეც იდგა პარტია, ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი თანამოაზრე შეგვძინა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი არჩევნების შემდეგ. მე ვფიქრობ, ამ 48 საათში ძალიან ბევრმა ადამიანმა თვალსაჩინოდ დაინახა ის შედეგი, რომლის პროეცირება ხდებოდა ჩემ მიერ და ჩემი თანამოაზრეების მიერ. დანარჩენი არის მომავლის საკითხი. 

მე ვფიქრობ, პროცესი, რომელიც წარიმართა მეორე მხარისგან, თავიდან ბოლომდე დაცლილი იყო პოლიტიკიური პრაგმატიზმისგან. თავიდან ბოლომდე დაფუძნებული იყო მხოლოდ შიშველ ემოციებზე, მხოლოდ არარეალისტურ დაპირებებზე. ძალიან ვწუხვარ და მართლაც ხელს შევუწყობ ამ ადამიანებს, ვინაიდან პარტიის ინტერესი ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა დაიცვას, იმ დაპირებებმა, რომლებიც გასცა ჯგუფმა, რომელიც ამ ეტაპზე უხელმძღვანელებს ენმ-ს, ტყვეობაში არ მოაქციოს ეს ჯგუფი და სასოწარკვეთილები არ დგამდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, რომლებიც პოლიტიკური მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამს წყალს.  

ეს არჩევნები, პრაქტიკულად, წარიმართა რა ხაზით? - ვინ შევა და ვინ გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილს. რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმისგან და როცა პოპულიზმი ვახსენე, სამწუხაროდ, ეს ვიგულისხმე და კიდევ სხვა საკითხებიც. მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას - მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის, ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ. ეს გამოცდილება მიმიღია, საზოგადოებას გავუკიცხივარ თუ არ გავუკიცხივარ, ფაქტია, რომ ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება, როდესაც საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

კომენტარები