ტაქსების რეფორმა

თბილისის მერია 20 მარტიდან შეწყვეტს A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემას

თბილისის მერია 2023 წლის 20 მარტიდან შეწყვეტს A კატეგორიის [თეთრი ფერის და მანათობელი ნიშნების მქონე ტაქსი, წარწერით “TAXI თბილისი"] ტაქსების ნებართვების გაცემას, ხოლო  აპრილიდან რეფორმით გათვალისწინებული ახალი სისტემის შესაბამისად, მერია ერთჯერადად გასცემს A კატეგორიის ნებართვებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრეს.

რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი?

  • შეიქმნება  A კატეგორიის ნებართვის ბაზარი, სადაც დაშვებული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიერ ნებართვებით ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარის გაცემა და ამავე ნებართვების უფლებრივად დატვირთვა;
  • 2023 წლის 20 მარტიდან შეწყდება A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა;
  • 2023 წლის 1 აპრილიდან დაინერგება ახალი სისტემა, რომლის თანახმად უვადო ნებართვის აღება შეეძლება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, ვინც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას;
  • აპრილიდან A კატეგორიის ნებართვის მიღება შეძენის ან უფლებით მიღების გზით შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირისგან, რომელიც ამ ნებართვას საკუთრებაში ფლობს;
  • საჭირო გახდება ახალი A კატეგორიის ნებართვის აქტივაცია, რომელიც ნებართვის მფლობელმა 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილამდე უნდა გააქტიუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გაუქმდება;
  • იმ შემთხვევაში თუ მფლობელი ნებართვით არ ისარგებლებს, მას დღიურად 3 ლარის გადახდა მოუწევს;
  • 1 აპრილიდან ამოქმედდება ახალი გამართული ელექტრონული სისტემა taxi.tbilisi.gov.ge, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ნებართვებთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება. 

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, B კატეგორიის ტაქსებთან დაკავშირებული ნებართვები და ნებისმიერი წესი რჩება უცვლელი, ხოლო A კატეგორიის ტაქსების რეფორმა რაიმე სახის ასაკობრივი და სხვა სახის გადასახადის ან მოსაკრებლის დაწესებას არ ითვალისწინებს.

კომენტარები