უკრაინა

არახამია უკრაინის საბაჟოს ყველა ხელმძღვანელის გათავისუფლებას აანონსებს

დავით არახამია

უკრაინის მმართველი პარტია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია აქამდე დაანონსებული "საგაზაფხულო დაკავებების" შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა. პარალელურად, გრძელდება კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება და მოქმედებები.

"საზოგადოებას დაანონსებული საგაზაფხულო დაკავებების შესახებ ინფორმაციას მივაწვდი. დღეს: 

  • გადასახადთა სამსახურის შემოჭმება;
  • თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ეჭვების შესახებ გაფრთხილება;
  • [იგორ] კოლომოისკის ჩხრეკა უკრნაფტთან დაკავშირებით;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების მთელი სერია;
  • [არსენ] ავაკოვის ჩხრეკა;
  • [ვადიმ] სტოლარის ჩხრეკა;
  • საბაჟოს მთელი ხელმძღვანელობის სამსახურიდან გათავისუფლება.

ქვეყანა ომის დროს შეიცვლება. ვინც ცვლილებისთვის მზად არაა, მაშინ სახელმწიფო თავად მივა და შეცვლაში დაეხმარება". – წერს არახამია.

დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლი გაჩხრიკეს. ავაკოვის თქმით, ჩხრეკა მისი მინისტრობის პერიოდში ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვას უკავშირდება. 

18 იანვარს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის თავად მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ისხდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ვერტმფრენის ყველა მგზავრი.

24 იანვარს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდის ჩატარება დაიწყო.

პროდუქტების კონტრაქტის სკანდალის ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა

უკრაინაში ბოლო დღეებში კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.

"ეს იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების კვირა. არ მინდა მათი ახლა გამოცხადება, მაგრამ ისინი სამართლიანი იქნება. ყოველ სიტუაციაში ყველა დეტალს გავაანალიზებთ. ენერგიასთან და შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს. კავშირს ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონებს შორის. ყველა შესყიდვას, რაც ჯარს უკავშირდება". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გასულ დღეებში აღნიშნა, რომ კორუფციაში ჩართული ზოგიერთი მაღალჩინოსანი შესაძლოა დააპატიმრონ.

"24 თებერვლის შემდეგ მაღალჩინოსნებს რეგულარულად ვაფრთხილებდით ოფიციალური და არაოფიციალური გზებით: კონცენტრირდით ომზე, დაეხმარეთ მსხვერპლებს, შეამცირეთ ბიუროკრატია და შეწყვიტეთ საეჭვო საქმიანობა. ზოგმა მართლაც მოგვისმინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგმა არა. თუ ეს ცივილიზებული გზით არ გაამართლებს, მაშინ ომის დროის შესაბამისი კანონების მიხედვით მოხდება. ეს ეხება ბოლოდროინდელ გენერატორების შეძენასა და თავდაცვის სამინისტროს ახალ სკანდალსაც". – თქვა არახამიამ.

კომენტარები