უკრაინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდა ჩაატარა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაათავისუფლა 6 მინისტრის მოადგილე და დათანხმდა 5 საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის პოსტის დატოვებას.

გაათავისუფლეს შემდეგი მოადგილეები:

  • ვიაჩესლავ შაპოვალოვი - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
  • ვიტალი მუზიჩენკო - უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
  • ივან ლუკერია - უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
  • ვიაჩესლავ ნეგოდა - უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
  • ანატოლი ივანკევიჩი - უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ვიქტორ ვიშნევი - უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფრულების საკითხებში.

ამას გარდა მინისტრთა კაბინეტი დათანხმდა 5 სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვებას:

  • ვალენტინა რეზნიჩენკო - დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
  • ალექსანდრა სტარუხა - ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
  • ალექსეი კულება - კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
  • დმიტრი ჟივიცკი - სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
  • იაროსლავ იანუშევიჩი - ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

პროდუქტების კონტრაქტის სკანდალის ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა

გასულ დღეებში თითქმის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც კავშირში იყო ელექტრო გენერატორების ძვირად შესყიდვის საქმესთან. უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ვასილ ლოზინსკიმ კონტრაქტის გაფორმებისთვის $400 000 ოდენობის ქრთამი აიღო. 

ამას გარდა, სკანდალში გაეხვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროც. თავდაცვის უწყებას უკავშირდება საქმე, რომლის მიხედვითაც სამხედრო საკვები რაციონები, შესაძლოა, ბაზარზე არსებულ ფასზე ძვირად გაყიდულიყო. €326 მილიონის ღირებულების საკვებისა და კვების კონტრაქტზე, რომელიც სკანდალის ერთ-ერთი ნაწილია, ხელი თავად თავდაცვის მინისტრს არ მოუწერია და გაფორმებული არაა. თუმცა ჟურნალისტები და დამკვირვებლები თვლიან, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მასზეა. საპირისპიროდ, რეზნიკოვი ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს: "ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ". მისი თქმით, მანიპულაციის გარდა, სხვა ფაქტები არ არსებობს და ამ ყველაფრის მიზანი თავდაცვის უწყების მიმართ ნდობის დაკარგვაა. რეზნიკოვის მტკიცებით, ფასებზე არსებული გაურკვევლობა კონტრაქტში არსებულ "ტექნიკურ შეცდომებს" უკავშირდება.

უკრაინაში ბოლო დღეებში კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.

"ეს იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების კვირა. არ მინდა მათი ახლა გამოცხადება, მაგრამ ისინი სამართლიანი იქნება. ყოველ სიტუაციაში ყველა დეტალს გავაანალიზებთ. ენერგიასთან და შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს. კავშირს ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონებს შორის. ყველა შესყიდვას, რაც ჯარს უკავშირდება". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გასულ დღეებში აღნიშნა, რომ კორუფციაში ჩართული ზოგიერთი მაღალჩინოსანი შესაძლოა დააპატიმრონ.

"24 თებერვლის შემდეგ მაღალჩინოსნებს რეგულარულად ვაფრთხილებდით ოფიციალური და არაოფიციალური გზებით: კონცენტრირდით ომზე, დაეხმარეთ მსხვერპლებს, შეამცირეთ ბიუროკრატია და შეწყვიტეთ საეჭვო საქმიანობა. ზოგმა მართლაც მოგვისმინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგმა არა. თუ ეს ცივილიზებული გზით არ გაამართლებს, მაშინ ომის დროის შესაბამისი კანონების მიხედვით მოხდება. ეს ეხება ბოლოდროინდელ გენერატორების შეძენასა და თავდაცვის სამინისტროს ახალ სკანდალსაც". – თქვა არახამიამ.

კომენტარები