კორუფცია

TI: კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, "კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის". TI-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში  ჰქონდა. 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აღნიშნავს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, "იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს".

"რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა.

იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66)" - ნათქვამია TI-ის კვლევაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება.

"მიუხედავად იმისა, რომ 56 ქულით საქართველო რეგიონში ლიდერია, ეს წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრით არის განპირობებული; ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ - ქართულმა ოცნებამ, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება.

მაგალითად, ბოლო წლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონიტორინგმა გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება. ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია "კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა შესაძლოა რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებაში, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობა დაასახელა. გადაწყვეტილებას წინ შეფასების პროცესი უძღოდა, რომლის საბოტაჟი, ბევრის აზრით, მთავრობამ თავად მოახდინა რუსეთის დასამშვიდებლად. საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის პერსპექტივა შესთავაზა, რის წინაპირობადაც 12 პრიორიტეტი დაასახელა - მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელმაც ქვეყნის „დეოლიგარქიზაციას“ უნდა შეუწყოს ხელი. მთავრობამ გამოაცხადა სააგენტოს შექმნის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას.“ - აღნიშნავს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

TI-ის აზრით, აუცილებელია:

  • დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
  • გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი;
  • საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია;
  • განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს.

ქართული ოცნების კომუნიკაციების დეპარტამენტი საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს გამოქვეყნებულ მასალას "მანიპულაციურს" უწოდებს.

"ახალი ინდექსის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა ცდილობს, ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, „მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ“ და ა.შ.

სინამდვილეში, საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ფაქტი ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან თანაბარი შედეგი აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი უპირატესობით უსწრებს" – ნათქვამია ქართული ოცნების კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები