თავდასხმა სინაგოგაზე

სინაგოგაზე თავდასხმის შემდეგ ისრაელში 42 ადამიანი დააკავეს

27 იანვარს სინაგოგაში მომხდარი სროლის შემდეგ ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა. 

იერუსალიმის გარეუბანში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. 

თავდასხმის საპასუხოდ, ხელისუფლებამ იერუსალიმის გარეუბანში მუდმივი კონტრტერორისტული დანაყოფის ოფიცრები განათავსა, რათა „საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ უპასუხონ განსაკუთრებულ მოვლენებს“.


შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მომლოცველებს მანქანაში ელოდებოდა, ლოცვის დასრულების შემდეგ სინაგოგიდან გამოსულებს ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებენ, უსაფრთხოების ძალებმა ადგილზე მოკლეს. 

თავდასხმას წინ უძღოდა პალესტინელთა მხრიდან აშკელონისა და სამხრეთ ისრაელის სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იერიშის საპასუხოდ, ისრაელის არმიის მიერ 27 იანვარს ღაზის სექტორზე სარაკეტო დარტყმა. 


26 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

IDF-ში აცხადებდნენ, რომ მათი ძალები ჯენინში შევიდნენ, რათა დაეკავებინათ დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის "ტერორისტთა ათეული", რომელიც "ჩართული იყო ისრაელის მოქალაქეებსა და სამხედროებზე მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმების მზადებაში". მათივე ცნობით, სამხედროებმა ალყაში მოაქციეს შენობა, რომელშიც ისლამური ჯიჰადის წევრები იმყოფებოდნენ. დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც სამხედროების პასუხი მოჰყვა. IDF-ის ცნობით, ამ დროს ისლამური ჯიჰადის სამი წევრი უვნებელყვეს. პარალელურად სამხედროებს ცეცხლი სხვა შეიარაღებულმა პალესტინელებმაც გაუხსნეს.

პალესტინის მთავრობის პრეზიდენტმა, აბდულ აბასმა რეიდს ხოცვა-ჟლეტა უწოდა და მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე კოორდინაცია შეწყვიტეს.

კომენტარები