კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც საკუთარი ბებიის მკვლელობა შეუკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი - 1997 წელს დაბადებული ა.ს. რომელმაც ბებიის, 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ს მკვლელობა შეუკვეთა.  

უწყების ინფორმაციით, მას მკვლელისთვის $150 000 უნდა გადაეხადა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის "კ" და "ნ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები