ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25-წლიანი მართვის უფლებით 2016 წლის აპრილში გადასცა. საპარტნიორო ფონდი აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მათ დაევალათ “რომანოვების სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და განვითარება”. კერძოდ, საპარტნიორო ფონდი წერდა, რომ მათ უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა სახის სამუშაო - “რომანოვების სასახლის შენობაში მუზეუმის მოწყობა, მუზეუმში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნივთების რესტავრაცია/კონსერვაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიის 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმის შემუშავება”. საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე პროექტს დღემდე "მიმდინარეს" სტატუსი აქვს, ხოლო თავად ფონდში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის ეტაპისთვის თანხა არ გამოყოფილა და მთავრობას მათთვის "ასეთი რამ" არ დაუვალებია.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭა. Მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარკში მდებარე კომპლექსი რეაბილიტირდებოდა და ქვეყნის წარმოსაჩენად ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება იქნებოდა.
იმავე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდი რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტს აკეთებდა. ასევე, ტარდებოდა სასახლის მუზეუმოგრაფიული კვლევა და იქმნებოდა მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა. ამ სამუშაოების შესასრულებლად, ოფიციალური მონაცემებით, $771 000 დაიხარჯა. სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაობის დაგეგმვა პროექტირების დასრულებისთანავე უნდა მომხდარიყო.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, 2018 წლის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები რომანოვების სასახლის კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების ჯგუფებთან. საბოლოო კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა 2018 წლის შემოდგომაზე წარადგინა.
რომანოვების სასახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ობიექტის ძეგლის სტატუსისა და მისი ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. საპარტნიორო ფონდის მომზადებული პროექტის მიხედვით, სასახლეში უნდა მოეწყოს მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავდა, რომლის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებდა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნებოდა.
"ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. საბჭოთა პერიოდში ლიკანის სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ადგილი ქონდა სასახლისა და ისტორიული შენობების არქიტექტურაში უხეშ ჩარევებს, რამაც ძეგლის პირვანდელი იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა. ახალი კონცეფციის მიხედვით, რომანოვების სასახლე ავთენტურობის დაცვით აღდგება. ახალი ტურისტული ლოკაცია სერიოზულ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ადგილობრივებმა კი ეს უნიკალური შანსი სწორად უნდა გამოიყენონ“ - აცხადებდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე.
2018 წლის ივლისში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ასევე თქვა, რომ სასახლე სამ წელში აღდგებოდა.
"რომანოვების სასახლე უმძიმეს მდგომარეობაშია. ის დაახლოებით 10-15 წლის წინ კერძო მფლობელობაში იყო და გადაკეთებულია საძინებელ და მისაღებ ოთახებად. ეკონომიკის სამინისტრომ რომანოვების სასახლე საპარტნიორო ფონდს 25-წლიანი მართვის უფლებით გადმოსცა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, განვახორციელოთ ინვესტიცია, რომლის ფარგლებშიც აღდგება სასახლე, მასთან მდებარე პატარა სასტუმრო, ძველი მარანი, ასევე სასათბურე გალერეა, რომელიც ჯერ კიდევ მეფის დროს არსებობდა და საინტერესო ჯიშის მცენარეები გამოჰყავდათ“ - განაცხადა საგანელიძემ მაშინ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის აღდგენის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა პროექტირებაზე ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა.
"გაკეთდა ძალიან საინტერესო პროექტი, სადაც დეტალებშია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს სასახლისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის აღდგენა. ჩვენ შემოდგომამდე პროექტის განხორციელებაზეც გამოვაცხადებთ ტენდერს, რადგან უკვე ვიცით ყველა დეტალი, რა უნდა გაკეთდეს, ისიც კი, თუ რომელი სურათი და ექსპონატი სად უნდა დაიდგას. ჩვენ ამ ექსპონატების მოძიების პროცესში ვართ, მთელი არქივი წამოვიღეთ სანკტ-პეტერბურგიდან, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა - 80 ათასი დოლარი მოგვთხოვეს, თუმცა, მოლაპარაკებების შედეგად ეს ყველაფერი ბოლოს საჩუქრად გადმოგვეცა“ - განაცხადა დავით საგანელიძემ და აღნიშნა, რომ “სამ წელიწადში ეს ადგილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რეკრეაციული დასასვენებელი ზონა იქნება”.
თუ დავით საგანელიძის სიტყვებს დავეყრდნობით, სასახლის რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და არც "უმძიმესი მდგომარეობა" შეცვლილა. ტაბულასთან საუბარში საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ მათ მხოლოდ პროექტის შემუშავება ევალებოდათ.
“ჩვენ დაგვევალა, რომ გაკეთებულიყო პროექტი, როგორ უნდა შენარჩუნდეს რომანოვების სასახლის ავთენტურობა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ამისთვის თანხა არ გამოყოფილა და ჩვენთვის მთავრობას მსგავსი პროექტის გაკეთება არ დაუვალებია. Ჩვენ რაც დაგვავალეს, ის გავაკეთეთ" - ამბობს ნინო ქვარიანი და აღნიშნავს, რომ არ იცის, როდის დაიწყება სასახლის აღდგენითი სამუშაოები.
"ჩვენ გავაკეთებთ თუ სხვა, ამაზეც არ მაქვს ინფორმაცია, ალბათ სხვა უწყება" - ამატებს საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. მისივე ცნობით, საქართველოს მთავრობას მათ მიაწოდეს პროექტი.
"ეს პროექტი არსებობს, ამაზე ძალიან მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებმა იმუშავეს, თავისი საარქივო მასალებით... პროექტი არის ძალიან კარგი, ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტს და ავთენტურობასაც ინარჩუნებს, რითაც მიმზიდველია ეს ობიექტი” - უთხრა ტაბულას ნინო ქვარიანმა.
ჩვენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, თუმცა, მათგან რამე სახის ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
რომანოვების სასახლე მავრიტანული სტილის ვილაა ლიკანში, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის და მისი ვაჟის საყვარელი ადგილი იყო. მათ ტერიტორია შეისყიდეს გენერალ პიტერსისგან და პირველი პარკი გააშენეს. 1892 წელს კი, ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით საზაფხულო რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ლეონტი-ბენუა.
სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორის, ნაპოლეონის მიერ რომანოვებისთვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, ასევე, რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა.
ისტორიკოს ბაკურ გელაშვილის თქმით, ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს სტუმარს ესალმებოდა. სს ჰაერის ჭავლით იყო გამოწვეული. საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერამიკით გამოსახულია ის ცხოველები, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ბინადრობენ.
ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც სტალინიც მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ლურსმანი, რომელიც ისტორიკოსის თქმით, სტალინის მიერ არის დაჭედებული. აქედან ერთი საწერ მაგიდაზე, ქუდისათვის და მეორე კედელზე - კიტელისთვის.