საქართველო-უკრაინა

კასიანოვი ALT-INFO-ზე: მსგავსი დინამიკა ადასტურებს, საქართველო EU-სა და NATO-ს შორდება

ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი საქართველოში პრორუსული მოძრაობების გააქტიურების საფუძველზე ვარაუდობს, რომ თბილისი ევროკავშირისა და NATO-ს კურსს შორდება. 

მისივე თქმით, მსგავსი მოძრაობების გააქტიურება საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის საფრთხეს ზრდის.

"ცხადი მაგალითის მოყვანა მინდა. 18 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან მეშვიდე დღეს, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პრორუსულმა მოძრაობა Alt-Info-მ ჩაატარა დემონსტრაციული, პროვოკაციული, ანტიუკრაინული აქცია. ამ ხალხმა გამოფინა უკრაინის ხელისუფლებისა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონკრეტული პირების მიმართ დამამცირებელი შინაარსის შემცველი პლაკატები. ეს, ჩვენთვის, საქართველოში უკრაინის საელჩოსთვის, რთული გასაგებია, საქართველოში, რომელიც ასევე რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ მსგავსი პოლიტიკური ძალები.

მაგალითად, ნახსენები Alt-Info-ს მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირეს, ხატოვანი სახელით – "კონსერვატიული პარტია". ამ პარტიას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 28 წარმომადგენლობითი ოფისი, ელექტრონული მედია და სატელევიზიო არხი აქვს. ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშებს, ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით და რომ საქართველო ევროკავშირსა და NATO-ს შორდება". – თქვა კასიანოვმა ინტერვიუში, რომლის ნაწილიც გასულ დღეს გამოქვეყნდა. 

აქამდე გამოქვეყნებულ მონაკვეთში კასიანოვმა არ გამორიცხა, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეების მიმართ თუ საფრთხე გაიზრდება, შესაძლოა, მათი ევაკუაცია გახდეს საჭირო.

"პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში". – თქვა კასიანოვმა.

კომენტარები