რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინა არ აპირებს, თავს დაესხას ბელარუსს" – ზელენსკი ლუკაშენკოს თავდაუსხმელობის პაქტზე

President.gov.ua

"არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ბელარუსზე თავდასხმას" - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მინსკს თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობდნენ.  

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და გავლენის მიუხედავად, არ შეუერთდეს ამ სამარცხვინო ომს". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთანავე, პრესკონფერენციაზე ზელენსკის გაზაფხულს რუსეთის მხრიდან სამომავლო თავდასხმასთან დაკავშირებით ჰკითხეს. ზელენსკის განმარტებით, უკრაინელი სამხედროები ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არიან.

"ეს მარტივი არ იქნება, ამიტომ ვთხოვთ დახმარებას პარტნიორებს. ჩვენი ტერიტორია დიდია. შეიარაღება ლიმიტირებული გვაქვს და, რა თქმა უნდა, ყველა გამოწვევისთვის უნდა მოვემზადოთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუნდაც ამ მიმართულებით [ბელარუსიდან შემოტევის შემთხვევაში]". - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას სთავაზობს.

უკრაინის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გასულ თვეში არ გამორიცხა, რომ რუსეთი კიევის მიმართულებით ბელარუსიდან ახალ თავდასხმას წამოიწყებდა.

კომენტარები