რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

პოლონეთი უკრაინაში Leopard-ების გაგზავნის კომპენსაციას ევროკავშირისგან მოითხოვს

გერმანიის არმიის Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი 2015 წლის წვრთნებზე

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, ვარშავა უკრაინაში გაგზავნილი Leopard-ის ტიპის ტანკების ანაზღაურებას ევროკავშირისგან მოითხოვს.

პოლონურ მაუწყებელ TVN-თან საუბრისას მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ეს მოთხოვნა "ევროკავშირის კეთილგანწყობის კიდევ ერთი გამოცდა" იქნება.

გერმანიის მთავრობამ უკვე მიიღო პოლონეთის ოფიციალური მოთხოვნა, მიიღოს უფლება, რომ უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს

ბოლო დროს ოლაფ შოლცს დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი უკრაინისთვის Leopard-2-ის ტიპის ტანკების გადაცემისგან თავს იკავებს და პროცესს აჭიანურებს.

მეტიც, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ გერმანია Leopard-2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას არ დათანხმდება, პოლონეთი სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მზად არიან უკრაინა ტანკებითა და საჭირო აღჭურვილობით მოამარაგონ, "მცირე კოალიციას" შექმნის.

ამის საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები