თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

პროკურატურა: კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე უფროს ექთანს ბრალდება წარვუდგინეთ

საქართველოს პროკურატურის ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის წარუდგინეს.

უწყება წერს, რომ გარდაცვლილის სამედიცინო ისტორიაში 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით ხელს მორიგე ექთნის ნაცვლად უფროსი ექთანი აწერდა და ამით ისტორიაში არასწორი ინფორმაცია შეჰქონდა.

"პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმების და ექთნების მიერ, ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - "პაციენტის დანიშნულების ფურცლები", რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტების და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ   ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან - 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული "პაციენტის დანიშნულების ფურცლები" არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად  თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო  მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა  სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.". - წერია განცხადებაში.

უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებასა და შემდეგ გამოყენებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, "სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები პაციენტის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად".

კომენტარები