მოსახლეობის შემცირება

კიშიდა: მოსახლეობის შემცირების შესაჩერებლად გადაუდებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

ფუმიო კიშიდა

იაპონიის პრემიერ მინისტრნმა, ფუმიო კიშიდამ 23 იანვარს პირობა დადო, რომ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებთან გასამკლავებლად გადაუდებელ ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებისთვის საკითხი ასე დგას - "ან ახლა, ან არასდროს". 

იაპონია ბოლო წლებში შობადობის გაზრდას მოსახლეობის წახალისებით ცდილობს - ჰყავდეთ მეტი შვილი ფულადი პრემიებისა და უკეთესი შეღავათების დაპირებით, თუმცა, კვლევების მიხედვით, იაპონია ბავშვის აღზრდისთვის მაინც ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება.  

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს იაპონიის შობადობა რეკორდულ დონემდე დაეცა. ამ ფაქტმა ქვეყანაში მოსახლეობის შემცირება გამოიწვია. 

"ჩვენი ერი არის იმ ზღვარზე, სადაც სადავოა, შეძლებს თუ არა სოციალური ფუნქციების შენარჩუნებას [...]

ეს არის ან ახლა, ან არასდროს, როდესაც საქმე ეხება დაბადებასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პოლიტიკას - ეს არის საკითხი, რომელიც უბრალოდ ვეღარ მოითმენს". - თქვა ფუმიო კიშიდამ პარლამენტის სესიის გახსნაზე. 

კიშიდას თქმით, ივნისში ის შობადობასთან დაკავშირებულ ახალ გეგმას წარადგენს, რომელიც ბიუჯეტის გაორმაგებასა და სამთავრობო სააგენტოს შექმნას მოიცავს.

YuWa Population Research-ის თანახმად, იაპონია მესამე ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა მსოფლიოში ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით, პირველ და მეორე ადგილს ჩინეთი და სამხრეთ კორეა ინაწილებს. 

გასულ კვირას ჩინეთმაც განაცხადა, რომ მისი მოსახლეობა 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა.

კომენტარები