მასობრივი სროლა

კალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

REUTERS/Allison Dinner

21 იანვრის ღამეს, კალიფორნიაში, ქალაქ მონტერეის პარკში მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტი თავდასხმას მასობრივ სროლას უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით შემთხვევაზე სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ. ათი ადამიანი სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტის ცნობით, თავდამსხმელის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან იგი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ეჭვმიტანილი მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. 

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, თავდასხმა ღამით, დაახლოებით, 10:20 საათისთვის მოხდა. შემთხვევის ადგილი მონტერეის პარკია, სადაც დღის განმავლობაში ჩინური ახალი წლის წინა დღეს მთვარის საახალწლო ფესტივალს აღნიშნავდნენ. ფესტივალს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. თავდასხმის ლოკაციად საცეკვაო დარბაზი სახელდება.

FBI-ის ანგარიშის მიხედვით, ამ ქალაქში მასობრივი თავდასხმის ინციდენტს არასდროს ჰქონია ადგილი. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ეს წყნარი ადგილია და გარშემო ძალადობის შემთხვევები ნაკლებად ხდება. 

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო მასალა, თუ როგორ გადაჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას დაზარალებულები. 

საქმეზე გამოძიება მუშაობს.

კომენტარები