რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს

22 იანვარს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირემ, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ დასავლეთის მიერ კიევისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ტერიტორიებს, გამოიწვევს გლობალურ კატასტროფას. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არგუმენტებს გააქრობს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წარმომარდგენელმა თქვა, რომ შეერთებული შტატებისა და NATO-ს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მსოფლიოს „საშინელ ომამდე“ მიიყვანს.

“თუ ვაშინგტონი და NATO-ს ქვეყნები მიაწოდებენ იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბად და შეეცდებიან ჩვენი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს გამოიწვევს საპასუხო ზომებს უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“, - დაწერა ვოლოდინმა Telegram-ზე.

მისივე თქმით, არგუმენტები იმის შესახებ, რომ ბირთვულ ძალებს აქამდე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი ადგილობრივ კონფლიქტებში, დაუსაბუთებელია.

“[...] ვინაიდან ამ სახელმწიფოებს არ შეჰქმნიათ ისეთი ვითარება, სადაც საფრთხე ემუქრებოდა მათი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას."- წერს ვოლოდინი.

ვოლოდინის კომენტარი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მუქარას მოჰყვა.

"ბირთვული ძალის დამარცხებამ კონვენციურ ომში შესაძლოა ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. [...] ბირთვული ძალები არ აგებენ მსხვილ კონფლიქტებს, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული. ეს აშკარა უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსისთვისაც, რომელსაც ჭკუის ნატამალი მაინც აქვს შენარჩუნებული". – დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.

რუსეთის მხრიდან გახშირებული მუქარები დასავლეთის გაძლიერებულმა დახმარებამ გამოიწვია. დასავლელი მოკავშირეები გასულ კვირას უკრაინას მილიარდობით დოლარის დახმარებას დაპირდნენ. თუმცა მათ ჯერ ვერ დაარწმუნეს გერმანია Leopard-ის ტანკების მიწოდების ნებართვის გაცემაზე. ბერლინის თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები