პრიგოჟინი კირბის: გთხოვთ, განმარტოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა?

ევგენი პრიგოჟინი რუსეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირთა და ბიზნესების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2016 წლის 9 აგვისტო.
Mikhail Metzel/TASS via Getty Images

კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თეთრ სახლს წერილი მისწერა, სადაც აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის ეკითხება, თუ რაში ედება ბრალი მის დაჯგუფებას. წერილი პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა

"ძვირფასო ბატონო კირბი, გთხოვთ, განმარტოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიამ?" – წერს პრიგოჟინი ჯონ კირბის მისამართით გაგზავნილ წერილში.

პარასკევს, 20 იანვარს ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაგნერი, რომელიც უკრაინაში ბრძოლის წარმოებისას რუსულ ძალებს უჭერს მხარს, შეიძლება, მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად იწოდებოდეს.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში კირბიმ აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს

"ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად იარაღის მიმწოდებლებს მსოფლიო მასშტაბით ეძებს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა ვაგნერის ჯგუფისთვის იარაღის მიწოდების თავდაპირველი ეტაპი. გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სარაკეტო დანადგარები და რაკეტები გაგზავნა, რომლებიც ვაგნერის ჯგუფმა გამოიყენა". – თქვა კირბიმ.

კირბის თქმით, ასეთი გარიგება, სულ მცირე, ორჯერ უკვე შედგა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული შეიარაღება უკრაინაში ომის დინამიკას სავარაუდოდ ვერ შეცვლის. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია ამ შეიარაღების მიწოდების გაგრძელების ალბათობის გამო.

როგორც კირბი აღნიშნავს, აშშ-ს შეფასებით, ვაგნერის ჯგუფს უკრაინაში დაახლოებით 50 000 მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი, მათ შორის 10 000-მდე კონტრაქტორი და 40 000-მდე პატიმარი რუსეთის სხვადასხვა ციხიდან.

კომენტარები