რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოვუწოდებთ გერმანიას, მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტანკები – ბალტიისპირა ქვეყნების მინისტრები

გერმანიის შეიარაღებული ძალების Leopard 2-ის ტიპის ტანკი

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, რომ Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდოს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე წერს.

"ეს საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად. გერმანიას, როგორც ევროპის წამყვან ძალას, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება". – წერს ლანდსბერგისი. 

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუსს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები