რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA-ის დირექტორი უკრაინაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა – WP

Tom Brenner | Getty Images News | Getty Images

The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი, უილიამ ბარნსი გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქ კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად რუსეთის სამხედრო გეგმები განიხილა.  

გამოცემასთან ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნეს, რომ შეხვედრის დროს ზელენსკისა და მისი დაზვერვის წარმომადგენელთათვის მთავარი საკითხი იყო, რამდენ ხანს გასტანს აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერა, აშშ-ს პოზიციას უკრაინის მიმართ შეცვლის თუ არა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა გამარჯვება.

WP-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ზელენსკი და მისი თანაშემწეები შეხვედრიდან წავიდნენ იმ შთაბეჭდილებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა კიევისთვის რჩება ძლიერი და 45 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დაფინანსება უკრაინისთვის, რომელიც დეკემბერში მიიღო კონგრესმა, მინიმუმ ივლისის ან აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. თუმცა, წყაროს თქმით, კიევი ნაკლებად დარწმუნებულია, რომ  კონგრესი კიდევ ერთ მრავალ მილიარდდოლარიანი დამატებით დახმარების პაკეტს მიიღებს. 

ბარნსი პატივსაცემი ფიგურაა ზელენსკის ახლო წრეში, რადგან მან 2022 წლის იანვარში გაავრცელა ზუსტი გაფრთხილება, რომ რუსული ძალები 24 თებერვალს შეეცდებიან დაიკავონ უკრაინის ანტონოვის აეროპორტი. მისი გზავნილი ეფუძნებოდა აშშ-ს დაზვერვის შეფასებას და, ასევე, მიიჩნევა, რომ დაეხმარა უკრაინას აეროპორტის დაცვაში. 

კომენტარები