რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დავბრუნდი კიევში, რათა განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება" – შარლ მიშელი

Valeria Mongelli/Bloomberg/Getty Images

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი 19 იანვარს კიევში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი უკრაინისთვის მხარდაჭერისა და მისი ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების განხილვაა.  

შარლ მიშელმა Twitter-ზე მატარებლის ბაქნიდან ფოტო ატვირთა, წარწერით - "დავბრუნდი კიევში, რათა განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება. დაე, 2023 წელი გამარჯვებისა და მშვიდობის წელი ყოფილიყოს".  

კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე შარლ მიშელმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის უკრაინისთვის ტანკების გადაცემას მხარს უჭერს:

"ჩვენ ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა ეს მოხერხდეს. EU-უკრაინა სამიტის წინ, კარგი იქნება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან განხილვა, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად უკრაინას და რა მიმართულებით შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიეროთ". 


უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ახალ წელს უკრაინასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკა შეინარჩუნონ.

კომენტარები