რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კისინჯერი: უკრაინის ნეიტრალიტეტმა აზრი დაკარგა, მისი NATO-ს წევრობა შესაბამისი შედეგი იქნება

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი პენტაგონში, დაჯილდოების ცერემონიაზე, 2016 წლის 9 მაისი.
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ ამის განხორციელება მოცემულ გარემოებებში შეუძლებელია. ასევე, მან გამოხატა ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

"ამ ომამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ ვიყავი, რადგან მეშინოდა, რომ ეს გამოიწვევდა სწორედ იმ პროცესს, რომელსაც ახლა ვხედავთ. ახლა, როცა ამ პროცესმა ამ დონეს მიაღწია, ნეიტრალური უკრაინის იდეას, ამ პირობებში, აზრი აღარ აქვს... ვფიქრობ, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შესაბამისი შედეგი იქნება". – თქვა კისინჯერმა. 

კისინჯერმა საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას, ომამდელ საზღვრებში, როცა რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი და ყირიმი, კვლავ მხარს უჭერს.

"მე მჯერა, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა არსებობდეს, სანამ ომი გრძელდება, უნდა შეწყდეს ბრძოლები, როცა ომამდელ საზღვრებს მიაღწევენ". – თქვა კისინჯერმა.

კისინჯერის აზრით, მოლაპარაკებების მეშვეობით შესაძლებელი იქნება დასავლეთის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება და ეს "რუსეთს მისცემს საშუალებას, დაუბრუნდეს საერთაშორისო სისტემას".

გასული წლის მაისში, ცნობილი გახდა, რომ კისინჯერმა კიევს ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესთავაზა, რასაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა მოჰყვა.

აგვისტოში კისინჯერმა თქვა, რომ ომის შემდეგ უკრაინას ისე უნდა მოექცნენ, როგორც NATO-ს წევრ ქვეყანას.

ის, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტმა აზრი დაკარგა, კისინჯერმა დეკემბერშიც ახსენა.

კისინჯერი: უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დროა

კომენტარები