რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კისინჯერი: რუსეთის მოქმედებების შემდეგ, უკრაინას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც NATO-ს წევრს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა აღნიშნა, რომ, მართალია, თავიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არ ემხრობოდა, მაგრამ რუსეთის მოქმედებების გათვალისწინებით, მისი თქმით, NATO უკრაინას უნდა მოექცეს ისე, როგორც მის წევრს.

"ვფიქრობდი, რომ პოლონეთი და ყველა ტრადიციული დასავლური ქვეყანა, რომელიც დასავლეთის ისტორიის ნაწილი იყო - უნდა ყოფილიყვნენ NATO-ს წევრი ქვეყნები". - აღნიშნა კისინჯერმა.

თუმცა მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა უკრაინის მიმართებით, რამდენადაც მას ოდესღაც რუსეთზე მიმაგრებულ ტერიტორიად თვლიდა და, ამასთანავე, მასზე რუსეთი დღესაც აცხადებდა პრეტენზიას. ამიტომ, მისი ხედვით, სტაბილურობისთვის უკეთესი იქნებოდა უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული ზონა ყოფილიყო. 

"მე უკრაინის სრული დამოუკიდებლობის მომხრე ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მისი საუკეთესო როლი ფინეთის მსგავსი იყო". - თქვა ინტერვიუში კისინჯერმა. 

თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან პოზიცია შეიცვალა და მიაჩნია, რომ უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნების მსგავსი პრივილეგია უნდა მიიღოს. 

"ახლა ვფიქრობ, უკრაინას უნდა მოვეპყროთ, როგორც NATO-ს წევრს, იქნება ეს ფორმალურად თუ არაფორმალურად". - აღნიშნა მან. 

ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა. კისინჯერმა მეცხრამეტე წიგნი ლიდერობა: ექვსი კვლევა მსოფლიო სტრატეგიაში გამოსცა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ექვსი ლიდერის - კონრად ადენაუერის, ჩარლზ დეგოლის, რიჩარდ ნიქსონის, ანვარ სადატის, ლი კუან-იუსა და მარგარეტ ტეტჩერის, - ხედვისა და ისტორიული მიღწევების ანალიზია.

"ამაზე დიდი პასუხი უნდა ვისწავლო, რადგან ამას ყოველთვის მეკითხები". - ასე გამოეხმაურა კისინჯერი ჟურნალისტის კითხვას, ნანობს თუ არა ხელისუფლებაში ყოფნის წლებს. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, მას შეიძლება რამდენიმე უმნიშვნელო ტაქტიკური პუნქტი შეეცვალა, ყველაფრის გათვალისწინებით, ის აღნიშნავს: "თავს არ ვიტანჯავ იმაზე ფიქრით, რა შეიძლება გაგვეკეთებინა სხვაგვარად".

კომენტარები