ირანი

მედია: ირანი რუსეთისგან Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს

Су-35

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან კავშირში მყოფი მედია Tasmin-წერს, რომ წელს თეირანი რუსეთისგან Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს. ამის შესახებ მედიასთან ირანელმა დეპუტატმა, შაჰრიარ ჰეიდარიმ ისაუბრა. 

დეპუტატის თქმით, თეირანი რუსულ ავიაგამანადგურებლებს ირანული წელთაღრიცხვით 1402 წლის დასაწყისისთვის ელოდება. ეს წელი ჩვენი წელთაღრიცხვით 2023 წლის 21 მარტიდან იწყება. 

ჰეიდარის თქმით, ირანს რუსეთისგან ავიაგამანადგურებლების გარდა შეკვეთილი აქვს სხვა სახის სამხედრო ტექნიკაც, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო სისტემები და ვერტმფრენები, რომლებსაც, მისივე თქმით, ასევე მალე მიიღებენ.

აქამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი მიიღებდა მეოთხე თაობის, ორძრავიანი ავიაგამანადგურებლების 24 ერთეულს.

Cу-35 ირანის საჰაერო ძალებში ყველაზე თანამედროვე ავიაგამანადგურებელი იქნება. თეირანს გასულ წლებში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები არ შეუძენია, 1990-იანებში რუსეთისგან ნაყიდი МиГ-29-ების გარდა.

თეირანი მოსკოვს უკრაინაში მიმდინარე ომში ეხმარება და აწვდის სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმებისთვის იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენასაც აპირებდა. გასულ თვეებში ირანმა და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმებები, რომლებიც მათი სამხედრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაზრდას ითვალისწინებს.

კომენტარები