NATO-შვედეთი-ფინეთი

თურქეთი: თუ შვედეთს NATO–ში სურს, უნდა აჩვენოს, რომ აღარაა ტერორისტებისთვის უსაფრთხო ადგილი

Reuters / Francois Lenoir

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა შვედეთსა და ფინეთს შეახსენა, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე, თურქეთი მათი NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიკაციაზე დროში შეზღუდულია. მისივე თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად შეასრულებს შვედეთი თავის პირობას ტერორიზმის საწინააღმდეგო ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"მართალია, შვედეთი ყველანაირად ცდილობს შეთანხმების პირობების შესრულებას, რომელსაც გასულ წელს, მადრიდში მოეწერა ხელი, მაგრამ კიდევ 6 თვე სჭირდება იმისთვის, რომ ტერორიზმის განმარტებაზე ცვლილებები კანონში ასახოს. თუ მათ NATO-ში გაწევრიანება სურთ, შვედეთის მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაანახოს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ შვედეთი აღარ არის მათთვის უსაფრთხო ადგილი… ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ". - თქვა კალინმა პრესკონფერენციაზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში მალე საარჩევნო პერიოდი დაიწყება, სპიკერის თქმით, შვედეთს 2 თვემდე აქვს იმისათვის, რომ ცვლილებები განახორციელოს.


Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც სტოკჰოლმის მერიის წინ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძეგლი ჩანს, რომელიც ფეხებით არის ჩამოკიდებული. ვიდეო ე.წ შვედეთის სოლიდარობის ჯგუფის სახელით აიტვირთა, რომელმაც როჟავას დე ფაქტო ავტონომიურ რეგიონს გამოუცხადა მხარდაჭერა. 

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, აღნიშნული ქმედება შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საბოტაჟს ემსახურება. შვედეთის პოლიცია იუწყება, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდნენ. 

ინციდენტის შემდგომ თურქეთმა შვედეთის ელჩი გაიწვია. ანკარა შვედეთისგან მომხდარზე მეტად მკაფიო პოზიციას მოითხოვს და შემთხვევაში მონაწილე ჯგუფს ტერორისტებად მოიხსენიებს. 

გასულ წელს თურქეთის ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა მას შემდეგ, რაც 18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს , იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება გადასცეს.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ნატოს წევრები ვერ გახდებიან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მათ უნდა გაიზიარონ ის საფრთხეები, ის ტერორისტული საფრთხეები, რაც ჩვენ წინაშე დგას". - თქვა ერდოღანმა.

შვედეთის პრემიერმინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არსებობს დიდი რისკი, აღნიშნულმა შემთხვევამ თურქეთის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. 

კომენტარები