NATO - თურქეთი

თურქეთმა ფინეთი–შვედეთის ნატოში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყისი დაბლოკა – WP

თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა მას შემდეგ, რაც 18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ნატოს წევრები ვერ გახდებიან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მათ უნდა გაიზიარონ ის საფრთხეები, ის ტერორისტული საფრთხეები, რაც ჩვენ წინაშე დგას. 

ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვინდა. რაც უფრო მალე შევძლებთ ამას,  წევრობის შესახებ დისკუსია მით უფრო მალე დაიწყება". - თქვა თურქეთის მაღალჩინოსანმა.

თურქეთის გადაწყვეტილებამ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესი გაართულა. ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად შეაფასა.  ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთი და ფინეთი "ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას/სახალხო თავდაცვის შენაერთს (PKK/YPG), რომლებიც უტევს თურქეთს, კლავს ჯარისკაცებს და ხალხს".

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები